Saturday, January 19, 2013

ჰიპერაქტივობა (ADHD)


ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას, რომელიც მოიცავს:
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გაფანტულობა);
იმპულსურობას (იმპულსური ქცევის შეჩერების და გაკონტროლების სირთულე)
ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე).
ამას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლის და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და გაურბის სამუშაოს – შესაძლოა თქვენ შვილს ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი. ასეთ ბავშვებს ხშირად არქმევენ “ჰიპერაქტიურებს”, თუმცა ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში ყურადღების პრობლემები, იმპულსურობისა და ჰიპერაქტივობისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება არსებობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ბავშვების (I ჯგუფი - ბავშვები ყურადღების დეფიციტით – ჰიპერაქტივობის გარეშე, II ჯგუფი - ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით). დიაგნოზი ერთიანდება ADHD-ის სინდრომში (მათი სიმპტომების მსგავსების გამო), მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებანიც არსებობს. მხოლოდ, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები მიდრეკილები არიან მოთენთილობისა და ზანტობისკენ, ხშირი ოცნებისა, ზედმეტი თავმდაბლობისა და მორცხვობისაკენ, ხოლო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვები – იმპულსურობისა და აქტიურობისაკენ, აგრესიული ქცევისაკენ, ამიტომ ხშირად ისინი უარყოფილნი არიან თანატოლების მიერ. ბავშვები, რომელთაც ADHD აქვთ, შეიძლება მრავალ განსხვავებულ თვისებას ამჟღავნებდნენ. ისინი განსხვავდებიან სიმპტომების გამოვლინების ხარისხით და ინტენსივობით; ამიტომ მშობლებისათვის მნიშვნელოვანია კარგად გაიცნობიერონ ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები და პრობლემები რათა ითანამშრომლონ სპეციალისტებთან ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით, რაც საკმარისად რთული პროცესია, სიმპტომთა მრავალფეროვნებისა და ვარირების გამო. ასევე აუცილებელია განისაზღვროს ADHD-ის ტიპი. რაც გულისხმობს იმის დადგენას თუ რა შემთხვევაში ვლინდება ADHD-ის სიმპტომები. ისინი “სიტუაციურ” ხასიათს ატარებენ (ვლინდებიან, მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში. მაგ. სკოლაში ან სპეციფიკური დავალების შესრულებისას). თუ სიტუაციური და გარემოს ცვლილების ფაქტორები არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ სიმპტომების გამჟღავნებაზე. ეგრეთ წოდებული ADHD-ის “გავრცელებული” ტიპი.
ADHD-ის სიმპტომები ძირითადად ბავშვის ადრეულ ასაკშივე ხდება შესამჩნევი. ჩვილების ქცევის წინასწარმეტყველება შეუძლებელი ხდება. ერთ წუთს ის ტირის და კივის, მეორე წუთს კი მშვიდდება. ეს ჩვეულებრივ გამკივანი ტირილია და წააგავს სირენის ან სასოწარკვეთილი ცხოველის ხმას. იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით, დაძაბულობით, დაუკმაყოფილებლობით და მომთხოვნელობით. ძილი მოუსვენარია. სიარულის და მეტყველების განვითარება შენელებულია. ხშირია მოუქნელობა. უკვე 3 წლის ასაკში ამ ბავშვების ნახევარი რთული სამართავია. ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების დაუფლება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მშობლებს ADHD-ის სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, რამეთუ პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ მაშინ იჩენენ თავს. ADHD-ის დადგენის ასაკად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლის 1 წელი ანუ 7 წლამდე.
რა იწვევს ADHD-ის?
ADHD-ის არ იწვევს ერთი კონკრეტული მიზეზი. მკვლევარები ცდილობენ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემო პირობებთან დაკავშირებულ ფაქტორთა ახსნას. ერთ-ერთი მოდელი (კენი 1980) შედგება შვიდი ურთიერთმოქმედი კომპონენტისაგან:
გენეტიკური მიდრეკილება
ჩამორჩენა განვითარებაში,
საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარი,
აზროვნების სპეციფიკური პრობლემები,
არახელსაყრელი გარემო (ნაადრევი დაბადება, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება),
ემოციური პრობლემები და ცუდი დამოკიდებულება ოჯახში.
შეიძლება თუ არა დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშვს და როგორ?
ADHD-ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები.
უპირველეს ყოვლისა მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ADHD-ის შესახებ, რათა შეძლონ სწორად განსაზღვრონ და დააკვირდნენ სიმპტომებს, მაქსიმალურად დაეხმარონ საკუთარ შვილს პრობლემების გადალახვაში.
ბავშვისთვის მიზანშეწონილია ინდივიდუალური ან ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება. კონსულტაცია შეიძლება მოიცავდეს: ინფორმირებას ADHD-ის შესახებ; სოციალური ურთიერთობის ჩვევების ჩამოყალიბების ტრენინგს; სპეციალურ ტექნიკებს სწავლებისა, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვს დაიმახსოვროს, რომ ქცევის, მოქმედების წინ უნდა დაფიქრდეს და ყურადღება მოიკრიფოს. მოზრდილ ბავშვებს შეგვიძლია ვასწავლოთ დავალების, სამუშაოს ორგანიზება, დასრულება, დღიურების, კითხვარებისა და წამზომის გამოყენებითაც კი.
მშობლებისა და მასწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკების გამოყენება, დაეხმარება ბავშვს წარმატებით შეხვდეს დავაЛების მოთხოვნებს. როგორც აღმოჩნდა ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფის კარგად მოქცევისკენ, დავალების წარმატებით დასრულებისკენ, ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს ყოველ ჯერზე დავალებასთან დასაბრუნებლად. დავალების დამთავრების და ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში, დადებითი განმტკიცება (პრიზი, ჯილდო) ძალიან დაგეხმარებათ ამ მიღწევების განმტკიცებაში. ოღონდ ეს დადებითი განმტკიცება იმავდროული და ხშირი უნდა იყოს. ADHD-ის მქონე ბავშვები არ რეაგირებენ გადავადებულ წახალისებასა და განმტკიცებაზე. წინა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის პრიზი ყოველ 2-3 წუთშია საჭირო. დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში რამდენჯერმე, მოზრდილებისთვის – დღეში ერთხელ.
ADHD-ის მქონე ბავშვების დახმარების სხვა ხერხებია: ბავშვისთვის მხოლოდ ერთი ან ორ-ნაბიჯიანი დავალების მიცემა.
საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა. თითოეული პატარა დავალება მოწმდება, სანამ ახალზე გადავალთ.
მცირე დროის მონაკვეთის განსაზღვრა და ბავშვისთვის ჩვენება, თუ რა რაოდენობის დავალებების დასრულება შეუძლია ამ დროის განმავლობაში.
ბავშვისთვის დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა.
დღის განრიგის, საშინაო დავალების რვეულში გეგმის სახით ჩამოწერის სწავლება.

http://archive.webmix.ge/icc/adhd.html

No comments:

Post a Comment