Saturday, January 19, 2013

სმენის დაქვეითება




სმენის დაქვეითება და მისი კორექციის მეთოდები 
სმენის სიმახვილის დაქვეითებას ჰიპაკუზია ეწოდება, სრულ სიყრუეს - ანაკუზია. სმენის დაქვეითების დროს შესაძლოა ცალ-ცალკე დაქვეითდეს როგორც მაღალი, ასევე დაბალი სიხშირის ბგერების აღქმა. სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, სმენის დაქვეთების კორექციის თანამედროვე მეთოდებსა და სასმენი აპარატების მოქმედების პრინციპებზე გვესაუბრება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი:
- რა არის სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი?
- სმენის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მოგეხსენებათ, ადამიანი იბადება, იზრდება და ბერდება. სამწუხაროდ, სხვა ორგანოებთან ერთად სმენის აპარატიც ჩართულია ფიზიოლოგიური დაბერების პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად სმენაც თანდათანობით ქვეითდება. შესაბამისად, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ძირითადი და ბუნებრივი მიზეზია ასაკი. დღეს, საერთოდ, ძნელია მსოფლიო გააკვირვო სმენის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხებით, თუმცა ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ სმენის დაქვეითების გენდერული თავისებურება და მეტად საინტერესო რამ დავასკვენით: აღმოჩნდა, რომ მამაკაცებში სმენის დაქვეითება ფიზიოლოგიურად უფრო ადრე იწყება და შედარებით ნელა პროგრესირებს, ქალებში კი, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გვიან იწყება, სწრაფად ვითარდება. კიდევ უფრო კონკრეტულად თუ შევეხებით ამ საკითხს, 60-70 წლის ქალბატონებში მამაკაცებთან შედარებით სმენა ბევრად უფრო დაქვეითებულია, მაშინ როცა დაახლოებით 40 წლის ადამიანებს შორის სმენადაქვეითებული მამაკაცები სტატისტიკურად ბევრად სჭარბობენ ქალებს.
- სმენის ანალიზატორის რომელი ნაწილი განიცდის ყველაზე ინტესიურად ფიზიოლოგიურ დაბერებას?- როგორც წესი, სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი პერიფერიაზეა. შიგნითა ყურში მოთავსებულია რეცეპტორული აპარატი, რომელიც ასაკთან ერთად ერთგვარ დეგენერაციას განიცდის. მაგალითად, თუ, ჩვეულებრივ, არსებობს რეცეპტორების განსაზღვრული რაოდენობა, ასაკისა და სხვა მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, დეგენერაციის შედეგად მათი მცირე ნაწილი რჩება. რეცეპტორების დეგენერაციას ნერვული ბოჭკოების დეგენერაცია მოჰყვება, რაც საბოლოო ჯამში სმენის დაქვეითებით სრულდება. სამწუხაროდ, არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც აძლიერებს ამ ფიზიოლოგიური დაბერების პროცესს და აჩქარებს სმენის დაქვეითებას. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი, რაც მთავარია, საქართველოსთვის მეტად ტიპური, სიგარეტის მოწევაა! შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე აუდიოგრამის მიხედვით ყოველთვის ვხვდები, მწეველია პაციენტი თუ არა. გამოკვლევაზე მოსულ არამწეველებს ხშირად ვაქებ ხოლმე: "რა კარგია, რომ არ ეწევით!" უნდა ნახოთ მათი გაკვირვება! "როგორ მიხვდით, რომ არ ვეწევით?" - განცვიფრებულები მეკითხებიან. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალზე იშვიათად ვცდები. მართალია, ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ სასქესო ორგანოებსა და პოტენციაზე უფრო მეტად მოქმედებს თამბაქოს წევა, ვიდრე სმენაზე, მაგრამ ასე არ არის. მოწევა სმენაზე უფრო მავნე ზემოქმედებას ახდენს. მე დიდი მორალისტი არ ვარ, მაგრამ გეტყვით - ქართველ მამაკაცებს არაფერი აქვთ სატრაბახო, ჰარიქა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრებიო. საქართველო ხომ მწეველთა რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
გამოდის, რომ ცხვირ-ხახიდან სასმენ ლულაში მოხვედრილი კვამლი ყურის შესაბამის ნაწილებსაც მძიმედ აზიანებს...- არა, ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია ხდება. თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები - ნიკოტინი, კუპრი, ბენზპირენი და სხვა ტოქსინები, ცალკეულ ორგანოთა მსგავსად, სმენის აპარატსაც სისხლით მიეწოდება. ისინი დამღუპველად მოქმედებენ სმენის ნატიფ რეცეპტორებზე, აზიანებენ მათ და აჩქარებენ მათ დეგენერაცია-გადაგვარებას. კვების ფაქტორის მნიშვნელობა საფუძვლიანად ჯერ არავის შეუსწავლია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ როლს სმენის დაქვეითებაში ძალზე ცხარე და მლაშე საკვების მიღებაც ასრულებს. საქართველოში ასეთი კვება ტიპურია. ამიტომაც არის ჩვენში სმენის დაქვეითება ასე აქტუალური. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ პრობლემის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.

www.mkurnali.ge

No comments:

Post a Comment